რამდენიმე დღის წინ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე დავდეთ პოსტი აბიტურიენტებისთვის. პირველი, ვინც გამოგვეხმაურა, სოციალურად დაუცველი აბიტურიენტი იყო, რომელსაც ძალიან უნდოდა ინგლისურის სწავლა, თუმცა ამისთვის ფინანსები არ ჰქონდა.
აქედან წარმოიშვა იდეა, თანაბარი შანსი მიგვეცა ყველასათვის, გამხდარიყვნენ სტუდენტები და მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმალურად გაგვევრცელებინა ენების შესწავლის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ამის საშუალება ფინანსურად არა აქვს.
სამწუხაროდ, საქართველოში სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა რაოდენობა 75000-ს აჭარბებს, 2018 წლის აბიტურიენტთა შორის კი მათი რაოდენობა 15%-ზე მეტია.
როგორც იცით, ლინგვინგმა ახალი წლისთვის ახალი კამპანია „აჩუქე ცოდნა“ წამოიწყო. ჩვენს საიტზე ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო ონლაინ სანტა და მეგობრისთვის უცხო ენების შესასწავლი კურსები ეჩუქებინა.
ამ კამპანიის ფარგლებში გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლურიყავით მხოლოდ ახალი წლით, თავადაც გაგვეჩუქებინა ცოდნა და შევარჩიეთ აბიტურიენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.
ყველა სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს ჩვენ ვაძლევთ უფასო წვდომას ლინგვინგის პაკეტებზე, რომელიც მოიცავს 5 ენას: ინგლისურს, რუსულს, ესპანურს, იტალიურსა და ფრანგულს. სოციალურად დაუცველთაგან 15 მოსწავლეს უკვე გადავეცით პრემიუმ პაკეტები და ისინიც შეუდგნენ მეცადინეობას გამოცდებისთვის. გვიხარია, რომ მათ წარმატებაში დიდი ალბათობით ჩვენც შევიტანთ წვლილს.
სასიხარულო ფაქტია, რომ ჩვენს კამპანიას თბილისის მედიათეკაც შემოუერთდა, რომელიც სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ინტერნეტითა და კომპიუტერით უფასოდ უზრუნველყოფს თავის სივრცეში. ეს არის თანამედროვე კულტურულ-საინფორმაციო სივრცე, რომელიც ცოდნის მიღების სხვადასხვა ელემენტს მოიცავს. მისი ფილიალები ვაკეში, ვარკეთილსა და ნაძალადევშია განთავსებული.
ვფიქრობთ, ეს იქნება საუკეთესო დასაწყისი ჩვენი ფართომასშტაბიანი კამპანიისთვის.
„აჩუქე ცოდნის“ ფარგლებში უამრავ პროექტს ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა კომპანიების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა თუ მედიის მხარდაჭერაც მასშტაბური იქნება. იმედი გვაქვს საჯარო სექტორიც არ დარჩება გულგრილი ამ ინიციატივისადმი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ერთად მივცეთ შანსი და ვაჩუქოთ ცოდნა მომავალ თაობას!