გერმანული პოეტთა და მოაზროვნეთა ენაა.
გავრცელება
გერმანულ ენაზე მსოფლიოში 125 მილიონი ადამიანი საუბრობს. ის გერმანიის, ავსტრიის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და ბელგიის ოფიციალური ენაა.
წარმოშობა
ისტორიული წყაროებით, ძველი გერმანული ენა გამოეყო ძველ საქსონურ ენას და მის დიალექტს წარმოადგენს. ის ინდო-ევროპული ენების ოჯახს მიეკუთვნება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გერმანულს, ინგლისურს, ნიდერლანდურსა და რამდენიმე სხვა ენას საერთო ძირი აქვთ და გერმანიკულ ენათა ჯგუფში ერთიანდებიან.
ტურიზმი
გერმანული ენა თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნებში. ოფიციალური ენის გარდა, ევროპელების 38%-ისთვის ის მეორე სასაუბრო ენას წარმოადგენს.
ამ ეროვნების ადამიანები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ შვებულებაში. შესაბამისად, ტურიზმისა და მომსახურების სფეროში, გერმანული ერთ-ერთი პრიორიტეტული ენაა.
ეკონომიკა
ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, გერმანია მესამე ადგილზეა მსოფლიოში და თითქმის ყველა სფეროში ქმნის სტანდარტებს. ის ერთ-ერთი ლიდერია მანქანების, ფარმაცევტული თუ სხვა საქონლის ექსპორტში. სასაქონლო ნიშანი “Made in Germany” კი საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. BMW, Mercedes, Daimler, Siemens, Lufthansa, Bosch – არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომელთაც სწორედ ამ მარკის ქვეშ აერთიანებენ. ეს ქვეყანა ასევე მსოფლიო ბაზრის ლიდერია ქარისა და მზის ენერგიის და ბიოტექნოლოგიების წარმოებაში.
კულტურა
გერმანიამ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო კულტურასა და სამეცნიერო სფეროში. ნობელის 100-ზე მეტი ლაურეატი, ლიტერატურის, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა თუ მშვიდობის სფეროში, სწორედ გერმანულენოვანი ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ქვეყანა აქტიურადაა ჩართული უცხოელი მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამებში, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა კვლევით სტიპენდიებს გასცემს.
გერმანია ასევე კულტურის საერთაშორისო ცენტრსაც წარმოადგენს, სადაც თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე მეტი საოპერო და დრამატული თეატრი და საკონცერტო დარბაზი. ერთ-ერთი ცნობილი კინოფესტივალი – ბერლინალეც სწორედ აქ ტარდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველი მეათე წიგნი გერმანულ ენაზე იბეჭდება. გერმანულენოვანი ქვეყნები ამ სფეროში ინგლისისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ადგილზე არიან და ყოველწლიურად, 80 000-ზე მეტ ახალ წიგნს აქვეყნებენ.
განათლება
გერმანიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს განათლების სფეროში. მსოფლიოს ტოპ 100 უნივერსიტეტს შორის 10 სწორედ გერმანიაშია. მთელი მსოფლიოდან, აქ უამრავი სტუდენტი ჩადის სწავლის გასაგრძელებლად. საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების დახმარებით, უცხოელი სტუდენტებისთვის ნებისმიერ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე სწავლა უფასოა. დღეისათვის, გერმანიაში 250 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ხოლო მათგან, დაახლოებით, 2500 ქართველია.
გერმანული ენა დიდ როლს თამაშობს წარმატებული კარიერის შექმნაში. მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია. ასე რომ, ამ ენის შესწავლა ევროპულ არჩევანს ნიშნავს!
თუკი თქვენს სამომავლო გეგმებში გერმანიაში მოგზაურობაც შედის, ნუ დაუჯერებთ არსებულ სტერეოტიპებს გერმანული ენის შესწავლის სირთულეებთან დაკავშირებით. სულ რაღაც 10 წუთი დაუთმეთ ამ ენის შესწავლას Lingwing.com-ზე და მალევე დარწმუნდებით, რომ მარტივად და ძალიან იაფად შეძლებთ, თქვენი თუნდაც 3-4 დღიანი ვიზიტი გერმანიაში ლუდის დასალევად ბევრად უფრო კომფორტული და საინტერესო გახადოთ.