მოგესალმებით, მე ვარ lingwing.com და Teach.ge თანადამფუძნებელი და ამ საიტებზე წარმოდგენილი პროექტის თანაავტორი.
ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ დავიწყეთ ეს პროექტი და მინდა მოკლედ მოგიყვეთ, თუ საიდან და რატომ გაჩნდა ეს იდეა.
საქართველოში არსებული სტარტაპების წარმოშობის ისტორია, უმეტესწილად, რაიმე კონკურსებს ან საგრანტო პროექტებს უკავშირდება. ჩვენს პროექტს კი მართლაც სტარტაპული ისტორია აქვს: შევეჯახეთ პრობლემას და შევეცადეთ, ეს პრობლემა მოგვეგვარებინა.
დაახლოებით 6-7 წლის წინ, მე და მამაჩემმა გადავწყვიტეთ ინგლისური ენის ონლაინ რეჟიმში სწავლა. მითუმეტეს, რომ ელექტრონულ სწავლებას განათლების სხვადასხვა სფეროში უკვე მაღალი ტემპი ჰქონდა აკრეფილი და, რაღა თქმა უნდა, მათ შორის, უცხო ენების სწავლება უდავო ლიდერი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინაშე სხვადასხვა ამოცანა იდგა – მამაჩემი დამწყები იყო, ხოლო მე ცოდნის გაუმჯობესება მინდოდა, ვერცერთმა ჩვენგანმა ვერ მოიძია ისეთი რესურსი, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
შესაძლოა, ჩვენი, როგორც IT სფეროს სპეციალისტების მოლოდინი გადაჭარბებული იყო, მაგრამ ორივე ვთანხმდებოდით შემდეგზე:
-
პროგრამები ან ძალიან მარტივი იყო – მხოლოდ ვიზუალური ეფექტებით გაფორმებული, საიდანაც რეალური ცოდნის მიღება შეუძლებელია; ან ძალიან რთული – სადაც საიტის ინტერფეისში გარკვევას იმდენი დრო სჭირდება, რომ ინგლისურის სწავლა მეორე პლანზე გადადის.
-
ყველა პროგრამაში ნათლად იგრძნობოდა უკვე არსებული სახელმძღვანელოებისა და ტრადიციული/აუდიტორიული მეთოდოლოგიის გავლენა. მართალია, კომპიუტერის მეშვეობით ეს დავალებები და სავარჯიშოები, სანახაობრივი თვალსაზრისით, უფრო მიმზიდველი ხდება, მაგრამ ყველა ეს სახელმძღვანელო და მეთოდოლოგია პედაგოგის უშუალო მონაწილეობას ითვალისწინებს სწავლის პროცესში, რისი დეფიციტიც პროგრამებში იგრძნობა.
ამიტომ, ყოველი ახალი საიტის ნახვის შემდეგ, სულ უფრო ხშირად გვიჩნდებოდა პრეტენზია იმაზე, თუ რატომ ასე და რატომ ამგვარად, როცა თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკული სწავლების ბევრად მეტ შესაძლებლობას იძლევა.
შედეგად, დაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი საკუთარი მოსაზრება, რომლებიც უცხო ენების შესასწავლ საიტს ბევრად ეფექტურს გახდიდა. იმ ეტაპზე ჯერ კიდევ არ გვქონდა საკუთარი საიტის შექმნის განზრახვა, უბრალოდ ვაგრძელებდით ისეთი საიტების მოძიებას, რომლებიც ჩვენს მოსაზრებებთან და იდეებთან ახლოს იქნებოდნენ.
როგორც უკვე ხვდებით, ასეთი საიტის მოძიება ვერ შევძელით და საკუთარის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც სხვების პრობლემას თუ არა, ჩვენს პრობლემას მაინც მოაგვარებდა, როგორც ეს რესტორნების ბიზნესშია ხოლმე (სტუმრები თუ არ მოვლენ, ჩვენ და ჩვენი მეგობრები მაინც ვიქეიფებთ).
და შევქმენით!
ეს იყო სულ რამდენიმე ტიპის დავალება და სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული კონტენტი, რომელიც ჩვენს ალგორითმს მოვარგეთ.
შედეგით ჩვენც და ოჯახის სხვა წევრებიც აღფრთოვანებულები დავრჩით და როგორც ხდება ხოლმე – წავიდა პროცესი.
დავალების ტიპებს დავალების ტიპები დაემატა. კონტენტს – კონტენტი და ასე შევქმენით ინგლისური ენის პირველი კურსი.
უკვე გაჩნდა იმედი, რომ მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებით არ შემოიფარგლებოდა ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია და გავედით მომხმარებლების უფრო ფართო ფენებზე – ნათესავებსა და მეგობრებზე! (რესტორნის ბიზნესი გახსოვთ, ალბათ).
და დაიწყო:
- აუ, რა მაგარია!
- უი, რა ადვილი ყოფილა, მე კი, როგორ ვწვალობდი!
- სად იყავით ბიჭო აქამდე!
- ძაან საკაიფოა!
- როდის ამუშავდება ონლაინში?
- სხვებიც შეძლებენ სწავლას?
ამ კომენტარებმა დაგვადნო, გაგვახარა, იმედები ჩაგვისახა, ამბიცია შეგვმატა და ამუშავდა საიტი (teach.ge) ონლაინში, მართალია პროტოტიპი, მაგრამ მაინც; გაგვიჩნდა უკვე ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ჩვენსავით კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებმაც ასევე არ დაიშურეს ეპითეტები. მათი მხრიდან გაჩნდა ახალი ენების დამატების მოთხოვნაც.
ჩვენც დავამატეთ ინგლისურის ახალი კურსები, რუსული, იტალიური, ფრანგული ენები. ქართული ენის შესასწავლი პროგრამა.
მაგრამ, იმას მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს საიტზე ყოველდღე 100-მდე მომხმარებელი დარეგისტრირდებოდა და უფრო მეტიც – ისინი ჩვენს პროგრამას იყიდიდნენ. და ეს მოხდებოდა საქართველოში, სადაც ყველაფერი ახალი უზარმაზარი სირთულეებით იკიდებს ფეხს. მითუმეტეს, რომ ყიდულობდნენ რაღაცას, რასაც არც ფერი აქვს, არც სუნი, არც ზომა და რომლის კომპიუტერში გადმოწერაც კი შეუძლებელია – ყიდულობდნენ სასწავლო პროგრამით სარგებლობის შეზღუდულ დროს!
შემოვიდა პირველი 100 ლარი, შემდეგ 500, 1000. თვეში შემოდიოდა 1500, 2000, 3000 ლარი. ტელევიზიაში სიუჟეტები გავიდა ჩვენზე და მოხდა ის, რაც, ადრე თუ გვიან, უნდა მომხდარიყო – საიტი ჩამოიშალა. ამის მიზეზი რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტი გახდა. ჩვენ 1 საათი ვიყავით ეთერში, ამ დროს ჩვენს საიტზე 8000-მდე მომხმარებელი შემოვიდა რასაც ჩვენი საიტის პროტოტიპმა ვეღარ გაუძლო.
აქ მოხდა კიდევ ერთი რამ: ჩვენმა ამბიციებმა ჯებირები დაანგრია და ნაპირები გადმოლახა. გადაწყდა – ვაკეთებთ ახალ საიტს გლობალური ინტერნეტ-სივრცისათვის, სადაც იქნება ბევრი ენა ბევრი ენიდან და ბევრი ახალი შესაძლებლობა. უფრო მეტიც – ჩვენ ამ სფეროში უნდა ვიყოთ პირველი!
ასე დაიბადა lingwing.com
მაგრამ ახალშობილს სჭირდებოდა კვება, ჩაცმა და ა.შ. მოკლედ, კარგი შეფუთვა. ეს უკვე გლობალური ინტერნეტ-სივრცეა. ამისათვის კი ბევრი ფული იყო საჭირო!
ამ დროს საქართველოში შეიქმნა პირველი სტარტაპ-აქსელერატორი „ვეგა სტარტაპ ლაბი“, რომელიც ჩვენი პროექტის თანადამფინანსებელი გახდა.
დღეს ჩვენი გუნდი ერთადერთია საქართველოში, რომელიც უცხო ენებისა და ქართული ენის შემსწავლელ ელექტრონულ კურსებს ქმნის. უკვე შექმნილი გვაქვს 6 ენის დაწყებითი დონეების შესასწავლი 20-ზე მეტი სხვადასხვა კურსი.
დღეისათვის მარკეტინგულ კამპანიასმხოლოდ საქართველოში ვაწარმოებთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს 18 ქვეყნიდან შეიძინეს ჩვენი პროგრამა. თითოეული მათგანი ჩვენი პროგრამის უდავო უპირატესობას აღნიშნავს იმ პროგრამებთან შედარებით, რომელთა მოძიებაც მათ თავიანთი საცხოვრებელი ქვეყნების ინტერნეტ–სივრცეში შეძლეს.
უკვე წლის ბოლოსათვის გვსურს პროგრამის გავრცელების არეალი მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ და, შესაბამისად, მოუთმენლად ველით lingwing.com-ზე არაქართულენოვან მომხმარებლებლებს სხვა ქვეყნებიდანაც. მითუმეტეს, რომ ბოლო წლებში, მსოფლიოში უცხო ენების ონლაინ შესწავლაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქართველოში ჩატარებული სტარტაპების სხვადასხვა კონკურსში მოპოვებული გამარჯვებებით, დღეისათვის, ფავორიტებში ვართ:
- ვართ GITA-ს მიერ ჩატარებული საგრანტო კონკურსების ორგზის გამარჯვებული, 2014წ. და 2015წ;
- 2015 წელს საქართველოს ბანკის მხრიდან განხორციელდა seed დაფინანსება, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო საქართველოს სტარტაპების განვითარების იმ ეტაპზე;
- 2016 წელს გავხდით თს ფონდი-ის მიერ ჩატარებული სტუდენტური ინოვაციური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული;
- ვართ Seed Forum-ის და IHUB თბილისის ერთობლივი სტარტაპ კონკურსის ორგზის გამარჯვებული, 2016-2017 წლებში;
- ვართ „სტარტაპ-საქართველოს“ გამარჯვებული და კონკურსის ფარგლებში ვიმყოფებოდით აშშ-ში;
- 2017/08/01-ში გავხდით აშშ-ს ორგანიზაცია CRDF Global-ის და GITA-ს ერთობლივი საგრანტო სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული.
თუმცა, ჩვენი მთავარი მიღწევა 1 წლის წინ გაშვებულ საიტზე დარეგისტრირებული 50 000 მომხმარებელი და 60%-მდე განმეორებითი ყიდვაა.
ჩვენი მომხმარებლების აზრით, ჩვენი პროგრამა ინტერნეტ-სივრცეში არსებულ უცხო ენების შესასწავლ საიტებს თავისი დინამიურობით, აზარტულობით, სიმარტივით, ჩართულობის 100%-თან მიახლოებული ხარისხით და რაც მთავარია – გარანტირებული შედეგით ბევრად ჯობია, რასაც მომხმარებელი პროგრამის დაწყების პირველივე წუთებიდან ნათლად გრძნობს.
ნებისმიერი სხვა რესურსით უცხო ენის სწავლას და ლაპარაკის დაწყებას ადამიანები წლებს ანდომებენ, ჩვენთან კი იმავეს მარტივად აღწევენ რამდენიმე თვეში. ამიტომაც გვაქვს სლოგანი:
“სწავლის ძირიც ტკბილი არის”.
P.S. შემდეგი ბლოგი ჩვენი საიდუმლო მეთოდოლოგიის შექმნის ისტორიასა და მის გასაჯაროებას (ნაწილობრივ, რა თქმა უნდა) მიეძღვნება.