ლინგვინგზე სწავლა ფასიანია თუ უფასო?
დიახ, ეს საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა, რაზეც დღეში ბევრჯერ გვიწევს პასუხის გაცემა.
შესაძლოა ამ კითხვაზე არც გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ეს კითხვა არ არის უბრალოდ ცნობისმოყვარეობისათვის დასმული და არ ჟღერს ჩვეულებრივი ტონით.
„სწავლა ხომ უფასოა“, ან – „რატომ არ არის უფასო?“, უფრო ეს არის ამ კითხვის შინაარსი.
ჩვენ ხშირად დავფიქრებულვართ იმ მიზეზებზე, თუ რატომ ფიქრობს ზოგიერთი ჩვენი მომხმარებელი, რომ პროდუქტი, რომელიც მოეწონა, რომლის ფინანსური მხარითაც დაინტერესდა, შესაძლოა სრულიად უფასო იყოს?
ჩვენს კომპანიაში ამის ბევრ მიზეზს ასახელებენ:
- თავად ჩვენს საიტს, სადაც გაყიდვების ფრიმიუმ მოდელია;
- ქართველ მომხმარებელს, რომელსაც ყველაფერი უფასოდ უნდა;
მოსაზრებები კიდევ ბევრია, და ყველა მათგანში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ ჩვენ ძალიან ბანალური რამის თქმა გვინდა:
არ არსებობს უფასო პროდუქტი!
არსებობს მხოლოდ ის, თუ რამდენად ღირებულია პროდუქტი და გიღირთ თუ არა პირადად თქვენ ამ პროდუქტში იმ თანხის გადახდა, რასაც მას აფასებენ.
საბედნიეროდ, დღითიდღე იცვლება ის ტენდენცია, რომ ინტერნეტიდან ყველაფერი უფასოდ უნდა გადმოვწეროთ, მაგრამ ჩვენთან ეს მენტალიტეტი ჯერ კიდევ არის: გატეხილი ვინდოუსი, უფასო სოფტი, მუსიკა, სურათები და ა.შ.
ინტერნეტის დანერგვის შემდეგ, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
ყოველ წელს კვდებიან ტრადიციული ფორმით არსებული ბიზნესები, შორს წაგვიყვანს მსგავსი პრობლემის წინაშე მდგარი საქვეყნოდ ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი კომპანიების ჩამოთვლა.
გაიხსენეთ, თავად როდის იყიდეთ თვითმფრინავის ბილეთი ავიასალაროში, როდის დაჯავშნეთ სასტუმრო ტურისტულ სააგენტოში, როდის მოძებნეთ ტელეფონის ნომერი სატელეფონო ცნობარში და მისამართი ქაღალდის რუკაზე?
ეს ტენდენცია არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ აჩქარდება კიდეც და სულ მალე ისეთ ფინანსურ ინსტიტუტსაც კი, როგორიც ბანკია, კლიენტების მომსახურების ოფისებიც აღარ ექნება. ონლაინ და დისტანციური სწავლების მოდელზე კი უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულება გადავა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ელექტრონული ფორმით მიღებული იდენტური სერვისები ჩვენთვის უფასო გახდება.
ლინგვინგის ბიზნეს-მოდელი Freemium-ია. უფრო გასაგები ენით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საიტი „პირობითად უფასოა“.
რას ნიშნავს „პირობითად უფასო“? ჩვენს საიტზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია სწავლის დაწყება არამხოლოდ თანხის გადახდის, არამედ რეგისტრაციის გარეშეც. შედიხართ საიტზე, აწვებით ღილაკს „დაიწყე სწავლა“, ირჩევთ შესასწავლ ენას, ენას, რომლის მეშვეობითაც გსურთ სწავლა, ირჩევთ კურსს და იწყებთ ენის შესწავლას.
გარკვეული რაოდენობის დავალებების გავლის შემდეგ, პროგრამა გთავაზობთ რეგისტრაციის გავლას. ეს ის ეტაპია, როდესაც თქვენ უკვე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ პროგრამის ეფექტურობასთან დაკავშირებით. რეგისტრაცია ამ ეტაპზე კი იმისათვის არის საჭირო, რომ საიტზე შემდეგი ვიზიტის დროს თქვენი იდენტიფიკაცია მოხდეს და დაწყებული კურსის გაგრძელება შეძლოთ.
პირველ დღეს მომხმარებელს 50 უფასო დავალების შესრულება შეუძლია, შემდეგ დღეებში კი თითოეულ ენაზე მხოლოდ 15-15 დავალების.
გარდა დავალებების რაოდენობრივი შეზღუდვისა, საიტის უფასო მომხმარებლებს სხვა შეზღუდვებიც აქვთ. მაგალითად, არ აქვთ წვდომა გრამატიკის წესებზე, ხმის ამოცნობის ფუნქცია მხოლოდ ზოგიერთი ტიპის დავალებებზე მოქმედებს და სხვა.
თუ ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა გსურთ, მაშინ უნდა შეიძინოთ რომელიმე პრემიუმ პაკეტი.
რაც შეეხება პრემიუმ პაკეტების ფასებს, მისი ღირებულება 10 ლარიდან 34 ლარამდეა თვეში. ლოგიკა აქაც მარტივია, თუ ყიდულობთ 1 თვიან პაკეტს, ის ეღირება 34 ლარი, ხოლო 1 წლიანი პაკეტი 115 ლარი ღირს, რაც თვეში 10 ლარიც არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯამური თანხა (115 ლარი) იქნება გადასახდელი. ამ თანხაში შედის საიტზე არსებული ყველა ენის ყველა კურსზე წვდომა!
ძვირია? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოში უცხო ენების შესწავლის საუკეთესო შეთავაზებაა. ამიტომაც არის ალბათ, რომ ჩვენს საიტზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეუფლება უცხო ენებს.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა იყიდოთ ის, რაზეც უფასო წვდომაც გაქვთ. სინამდვილეში უფასო ვერსია მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ მომხმარებელმა ნახოს, თუ რამდენად სასარგებლოა მისთვის ჩვენი პროგრამა და რამდენად შეძლებს ის ამ მეთოდით ენის სწავლას. დღეში 15 დავალება არანაირად არ არის საკმარისი ენის სასწავლად და მომხმარებელმა აუცილებლად უნდა შეიძინოს მისთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი პაკეტი. უფასოდ სწავლა მხოლოდ თავის მოტყუებაა.
ადრე ჩვენს მეგობრებს თავის მოსაწონებლად ჩვენს კურსებზე უფასო წვდომას ვჩუქნიდით.
ბევრმა მათგანმა შემდგომ ეტაპზე თავად შეიძინა კურსი და ჩვენს საყვედურზე მსგავსი ქმედების გამო, გვიპასუხეს, რომ ბევრად ჩართულები არიან სწავლის პროცესში, როდესაც თანხა აქვთ გადახდილი. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით მათ მოსაზრებას.
ჩვენი პროდუქტის შემთხვევაში „პირობითად უფასო“ არ უნდა იყოს მთლად სწორი განმარტება. როდესაც თვეში 10 ლარად, ან თუნდაც 34 ლარად თქვენ ინგლისურის სწავლა შეგიძლიათ, თქვენს მეგობარს გერმანულის, ძმას – იტალიურის, დას კი ფრანგულის, ამას ალბათ უფრო სხვა განმარტება მოუხდებოდა – „პირობითად ფასიანი“!